ევროკავშირში სურთ, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს განაცხადეს, რომ მალაიზიური "ბოინგის" ჩამოვარდნის ფაქტის შემდეგ, ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთში იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების საკითხი.

ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ ჰემონდის განცხადებით, ტრაგედია, უპირველესად, იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი ტერორისტებს უჭერს მხარს. "იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ. ევროკავშირმა მოსკოვს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს", - აღნიშნა ჰემონდმა.

დღესვე, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მკაცრად გააკრიტიკა ის შეთანხმება, რომლითაც საფრანგეთმა რუსეთს ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, ევროკავშირი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს იცავს, საკუთარ ფასეულობებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან მიმართებაში ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.