„ბოინგმა“ 737 MAX-ის მიწოდება შეაჩერა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საკუთარ საჰაერო სივრცეში, „ბოინგ 737 MAX-ის“ ფრენა აკრძალა, ამერიკული კომპანია იძულებული გახდა, თავისი ყველაზე გაყიდვადი ლაინერის მიწოდება შეეჩერებინა.

737 MAX-ისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფა, რომელმაც 157 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ბოინგის“ ამ ვიწროფიუზელაჟიანი ლაინერისთვის, ეს ბოლო ხუთ თვეში მომხდარი მეორე კატასტროფაა.

„ბოინგი“ თვეში 52 ლაინერს აწარმოებს, აქედან უმეტესობა კი სწორედ 737 MAX-ია, რომელსაც კომპანია ქალაქ სიეტლის გარეუბანში არსებულ ქარხანაში ამზადებს. სწორედ ამ მოდელზე დიდი მოთხოვნის გამო, კომპანია ივნისიდან წარმოების მოცულობის გაზრდას გეგმავდა.

მიწოდების შეჩერების მიუხედავად „ბოინგი“ მოდელ 737 MAX-ის წარმოების შეჩერებას არ აპირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ წარმოების გაჩერების შემთხვევაში, დაირღვევა მაკომპლექტებლების მიწოდების რიტმი, რაც წარმოების ნორმალურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, ბევრ სირთულეს წარმოქმნის. მეორე მხრივ, თუ წარმოებას არ შეაჩერებს, სადგომზე თვითმფრინავები დაუგროვდება, რაც მათ გააძვირებს და გაზრდილი საფასურის გადახდა შემკვეთებს მოუწევთ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, „ბოინგს“ 737 MAX-ის მიწოდების შეჩერება, თვეში 1.8-2.5 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც კი მიწოდება განახლდება, კომპანია დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებს. „ბოინგმა“ იანვარში გამოაქვეყნა პროგნოზული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, წელს 109.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

საინტერესოა, რომ 737 MAX-ის მიწოდებაზე უარი აქამდე არ უთქვამთ „ბოინგის“ უდიდეს ამერიკელ კლიენტებს - „საუთვესტ ეარლაინზს“, „ემერიკენ ეარლაინზს“ და „იუნაიტედ ეარლაინზს“.