სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას, სოფელს, შეუძლია განახლებად ენერგიებზე მომუშავე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით გამოიმუშავოს ელექტროენერგია, მოიხმაროს საჭირო ოდენობა, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს.
როგორც სემეკში განმარტვენ, მათ მიერ შემუშავებული ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ჯგუფებს, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ. ამასთანავე, ნეტო-აღრიცხვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია საშუალებას აძლევს სადგურების მფლობელებს მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები. ასევე, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრდებათ.
„ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ასევე მომხმარებელი/მომხმარებელთა ჯგუფი მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან, ტრანსფორმატორის დაბალ მხარეზე, ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.
ცნობისთვის, სემეკმა „ნეტო აღრიცხვის“ სისტემა საქართველოში 2016 წელს დანერგა. დღემდე ამ სისტემაში 80 მომხმარებელია ჩართული. მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა, რომელთაც სურთ ნეტო-აღრიცხვის სისტემით სარგებლობა, უნდა მიმართონ შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას და შეავსონ განაცხადი. კომპანია ვალდებულია განმცხადებელს მოემსახუროს სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტით. დაინტერესებულ პირებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სემეკის ქოლ ცენტრში ნომერზე 16-216, ან სემეკის Facebook გვერდზე.