ქარელის რაიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად 720 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მფლობელი კოოპერატივი „აგრო ლიდერია“.
ახალი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შეიქმნა. მისი საინვესტიციო ღირებულება 1, 212 მლნ ლარია. აქედან 600 000 ლარი გრანტი, 328 000 ლარი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სესხი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარების სახსრებია.
როგორც კოოპერატივის დირექტორმა ლევან ბერუაშვილმა East fruit-თან საუბრისას განაცხადა, ახალ სამაცივრე მეურნეობაში შეინახება როგორც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი, ისე ადგილობრივი ფერმერების ხილი და ბოსტნეული.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში 62 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, ხოლო 2017 წელს - 34.
ამასთან, 2018 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული პროდუქციის 66.7% ადგილობრივი წარმოების იყო, მაშინ, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 49,4%-ს შეადგენდა.
2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის (33.9%) და ქვემო ქართლის (16.1 %) რეგიონებშია განთავსებული. საქსტატის ინფორმაციით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე მდებარეობს თბილისში (14.5 %), სამეგრელო-ზემო სვანეთის (14.5 %), იმერეთის (6.5 %), კახეთის (4.8 %), მცხეთა-მთიანეთის (4.8 %), გურიის (3.2 %) და სამცხე-ჯავახეთის (1.6 %) რეგიონში.