„ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიიდან ორი წამყვანი მენეჯერის გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, თანამდებობას ტოვებს პროდუქციის მთავარი ოფიცერი კრის კოქსი და „უოთსაფის“ ხელმძღვანელი კრის დენიელსი.
კრის კოქსი ფეისბუქში თითქმის დაარსებიდან, 2005 წლიდან მუშაობს, ხოლო დენიელსი მხოლოდ ერთი წელია, რაც უოთსაფის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. მათი წასვლის მიზეზები უცნობია.
თუმცა, ამ ცვლილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ცუკერბერგმა ფეისბუქის ტრანსფორმაციის გეგმების შესახებ განაცხადა. ამას ისიც დაემთხვა, რომ გუშინ „უოთსაფის“ და ინსტარგამის მუშაობა შეფერხებული იყო, რაც ფეისბუქის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა. კომპანიამ მოგვიანებით ამის მიზეზად „სერვერის კონფიგურაციის ცვლილება“ დაასახელა.