მოსკოვში ლეგენდარული ქართული რესტორანი „არაგვი“ დაიხურა.
რესტორანი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში, ტვერის ქუჩაზე მდებარეობს, 1930-იან წლებში გაიხსნა. ახლა კი, როგორც რესტორნის ერთ-ერთმა შეფ-მზარეულმა ნუგზარ ნებიერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, უკვე დაიხურა.
„მეგობრებო, თვითონაც არ მჯერა, მაგრამ სამსახურს ვეძებ. ბოლო ხუთი წელია ვმუშაობ ლეგენდარულ რესტორანში „არაგვი“, თუმცა ის სამწუხაროდ, დახურულია“ - დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომპანიაში „ტაშირი“, რომელიც რესტორნის მმართველი კომპანიაა, განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის შეჩერებაზე.
ოფიციალურ მიზეზად მმართველი კომპანია ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ „არაგვი“ წაგებაზე მუშაობდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი რესტორნის დახურვის მიზეზი გახდა რუსეთში სომეხთა კავშირის თავმჯდომარეს არა აბრამიანსა და „ტაშირის“ მფლობელს სამველ კარაპეტიანს შორის არსებული კონფლიქტი. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია რესტორნის ინტერიერის ნაწილი.
რესტორანი „არაგვი“ განთავსებულია 1 800 კვ/მეტრ ფართობზე. „არაგვი“ არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის - სასტუმრო „დრეზდენის“ ნაწილი. მისი გახსნის ინიციატივა 1938 წელს ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა. ამ ადგილთან ძალიან ბევრი ისტორიაა დაკავშირებული. მაგალითად, ის, რომ აქ თურმე გაიმართა შეხვედრა სტალინსა და ჩერჩილს შორის. ფარული შეხვედრისთვის შენობას იყენებდა ლეგენდარული საბჭოთა დაზვერვის სპეციალისტი პაველ სუდოპლატოვი.
„არაგვში“ ნამყოფია ჯონ სტაინბეკი, რობერტ დენირო, რიჩარდ ბარტონი და სხვა ცნობილი ადამიანები.