ელგუჯა ხორკიშვილი: ხუდონჰესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ელგუჯა ხოკრიშვილი ხუდონჰესის პროექტს ჯერ არ იცნობს, ამიტომ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირება არასერიოზული იქნებოდა.

ამის შესახებ ხოკრიშვილმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებული მთელი პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა. მისივე თქმით, ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეიძლება მალე გაეცნობა, რათა არაფერი შეფერხდეს.

მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. "ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა. იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ახლა იწყება ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი იმპლემენტაციის ფაზა, როდესაც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა უნდა მოვიდეს ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან. იცით, რომ ევროპაში ეს მიმართულება ძალიან მაღალ ხარისხშია აყვანილი. აქედან გამომდინარე, ამ სამინისტროში ევროკავშირთან ჰარმონიზაციას რაც შეეხება, ძალიან ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი. მე ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა", – აღნიშნა ხოკრიშვილმა.