ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრიდან 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. სპეციალისტების ვარაუდოთ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რაც საბოლოო ჯამში დასაქმების ბაზარზე ნეგატიურად აისახება - კიდევ უფრო შემცირდება სამუშაო ადგილები.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 62 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რაც დეკემბერთან შედარებით - ხუთით; ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით - 11- ით ნაკლებია.
„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავას თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან გასვლის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ეს კი საბოლოოდ, უმუშევრობის დონის ზრდას გამოიწვევს.
„კომპანიების ბაზრიდან წასვლა ყველაზე დიდი უარყოფითი მოვლენაა. ეს კომპანიები წლობით მუშაობდნენ. ჰყავდათ ხალხი დასაქმებული. ჰყავდათ თავიანთი კლიენტურა და ახლა ბაზრიდან მიდიან და ხალხიც უმუშევარი რჩება. ყველაფერი უნდა იყოს დროში გაწერილი, რადგან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით რეგულაციების ამოქმედება პატარა კომპანიებისთვის, როგორიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია, რთულია.
ეს პრობლემა მხოლოდ დარგთან აქტიური მუშაობით შეიძლება მოგვარდეს. ეროვნულმა ბანკმა ბაზრის მოთამაშეების გარეშე არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს. შეგვითანხმდნენ, იქნებ რამე უკეთესი მოვიფიქროთ. მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკაშიც, რეგულატორები დარგის მოთამაშეებს ეძახიან, ვინაიდან ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ახალი გამოსავალი მოძებნოს და მათთან კონსულტაციის შემდეგ ღებულობენ გადაწყვეტილებებს, აქ კიდევ ყველაფერი პირიქით ხდება", - აღნიშნა აიეტ კუკავამ.
საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტის, ანი ალიბეგაშვილის, თქმით, მიკროსაფინანსოების დახურვა, ერთის მხრივ, ორგანიზაციების გამსხვილების პროცესითაა გამოწვეული, ხოლო მეორეს მხრივ ისინი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება ერთის მხრივ გამოწვეულია გამსხვილების პროცესით და მეორეს მხრივ, ისინი ვერ ახერხებენ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას, რაც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.ზოგადად, გამსხვილების პროცესი არ არის ცუდი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. პრობლემაა, რომ მოსახლეობას შეზღუდული აქვს ფინანსურ რესურსებზე წვდომა, რის გამოც ისინი ჩრდილოვან ბაზარზე ალტერნატიული გზებს ე.წ მევახშეების სახით ეძებენ ", - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შემოსავლების დადასტურების გარეშე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (ბანკებს) სესხის გაცემა აეკრძალათ. ლიმიტი დაწესდა თანხის გაცემაზეც, რაც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, მომხმარებლის შემოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული. უფრო ადრე კი ძალაში შევიდა სებ-ის კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე საფინანსო სექტორს სესხის გაცემა შეეზღუდათ.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი