რა თქმა უნდა, როდესაც არის არატრანსფარენტული გარემო, როდესაც არის პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს არა მხოლოდ პროექტთან მიმართებაში არის შემაფერხებელი, ვფიქრობ რომ, ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართოს, რადგან ეს პროცესები ბევრ კითხვას უჩენს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე უცხოელ ინვესტორებს, რაც ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება.
ბოჭორიშვილმა უშუალოდ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა.
„ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია პორტზე და სპეციალურ ინდუსტრიულ ზონაზე მუშაობა. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, სულ ახლახან იაპონური კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს პროექტი. მოლაპარაკებები გვაქვს ლოგისტიკურ კომპანიებთან, რათა მათთვის ანაკლია რეგიონში შემოსასვლელ პლატფორმად იქცეს. ამასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება დიდი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებულნი გახდნენ“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.