“ის ბიზნესმენები, ვინც კარგად გრძნობდნენ თავს წინა ხელისუფლების პირობებში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უფრო უკეთესად არიან"

„ინტელექტბანკი“ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ბიზნესპრენიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ინტელექტბანკი“ აქციონერების გაკვირვებას იწვევს ახლახან, „თიბისი ბანკისა“ და მათი დამფუძნებლების შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, 2008 წელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს სესხი აუღიათ თავიანთივე ბანკის (სადაც 80%-ს ფლობდნენ) კლიენტისგან, ვისაც საკრედიტო ხაზი ჰქონდა გახსნილი ,,თიბისი ბანკში“ და შემდეგ ეს სესხი სხვა ვადაგასულ სესხებთან ერთად ჩამოუწერიათ. ამის შესახებ იუწყება.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, თურმე, 2008 წელს, ისეთი დანაშაული ჩაუდენიათ, რომ 11 წლის შემდეგაც კი უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია... ოპერაციას, რომელიც მაქსიმუმ შეიძლება შიდა საბანკო რეგულაციების დარღვევად ჩაითვალოს, ფულის გათეთრება და მითვისება დაარქვეს და უმძიმეს დანაშაულად წარმოაჩინეს.

ამ საქმეს არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

ამავე დროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავლად არის იმავე პერიოდის საქმეები, სადაც მართლაც აქვს ადგილი ბიზნესზე ტერორს უფლებამოსილების გადამეტებისა და გამოძალვის ფაქტებს.

2004 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აირჩიეს ფავორიტი ბანკი - „საქართველოს ბანკი“ და მის დაპატრონებას და ხელოვნურად გაძლიერებას შეუდგნენ. „საქართველოს ბანკი“ ჩააბარეს ვლადიმერ გურგენიძეს და ირაკლი გილაურს და მწვანე შუქი აუნთეს ბანკის ნებისმიერ უკანონო ქმედებას.

მიტაცების სქემაში მოხვდა „ინტელექტბანკიც“, რომლის მითვისების გეგმის განხორციელებას შეუდგნენ 2005 წლის ზაფხულიდან. 2005-2006 წწ. „ინტელექტბანკის“ აქციონერებთან უპრეცენდენტო ზეწოლის ქვეშ წარმოებული „მოლაპარაკებების“ უშედეგოდ დამთავრების შემდგომ, მათ 2006 წლის 10 თებერვალს გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკთან და ძალოვნებთან ერთად ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია და ბანკი 48 საათის განმავლობაში მიითვისეს.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული და შესწავლილი იქნა აღნიშნული დანაშაულის ფაქტი, გამოიკითხა მრავალი მოწმე და შეიკრიბა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე დანაშაულის ჩამდენ არცერთ პირს არ წარდგენია ბრალდება და არცერთი ის პირი, რომელთა მიმართაც დანაშაული იქნა ჩადენილი, დაზარალებულად არ არის ცნობილი.

კიდევ ერთხელ, მოკლედ გვინდა შევეხოთ და გამოვკვეთოთ ჩადენილი დანაშაულებები და მათი ჩამდენი პირები:

ვლადიმერ გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ (იმ დროს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა იმ დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი, რომან გოცირიძე და ეკა გალდავა. განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა „ინტელექტბანკზე“, რათა აქციონერებს მიეღოთ გადაწყვეტილება „ინტელექტბანკის“ „საქართველოს ბანკთან“ მიერთების სასარგებლოდ. დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან უწყვეტად იღებდა ინსაიდურ ინფორმაციას კონკურენტი ბანკის შესახებ.

2006 წლის 10 თებერვალს შეიჭრენ „ინტელექტბანკში“ 48 საათით გამოკეტეს ბანკის თანამშრომლები ბანკის შენობაში და მათ იძულებით ასრულებინებდნენ სხვადასხვა სახის უკანონობას (აწერინებდნენ ხელს სხვადასხვა გაყალბებულ დოკუმენტზე, შლიდნენ და ახლიდან წერდნენ კომპიუტერულ პროგრამებს და სხვა).

შეჭრისთანავე „საქართველოს ბანკთან“ მიერთებაზე უარის მიღების შემდეგ, „ინტელექტბანკის“ აქციონერთა ნების საწინააღმდეგოდ იმავე დღეს ბანკიდან გააძევეს უკრაინული წამყვანი ბანკის - „უკრგაზბანკის“ - ტოპ-მენეჯმენტი, რომელთანაც დასრულებული ჰქონდათ მოლაპარაკება ბანკის აქციონერად შემოსვლასთან დაკავშირებით და რომელთაც, თავიანთი განზრახვის დასტურად, „ბე“-ს სახით 2 მილიონი აშშ დოლარი უკვე ჩარიცხული ჰქონდათ „ინტელექტბანკის“ საკორესპოდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.

უკრაინელი ბანკირები დღესაც მზად არიან, საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა პროკურატურა მეექვსე წელიწადია „არ ჩქარობს“ მათ გამოკითხვასაც კი...

დაშინებით აიძულებდნენ ბანკის კლიენტებს და დეპოზიტარებს, რომ მათ ანგარიშები გაეხსნათ იქვე („ინტელექტბანკის“ შენობაში (!!!)) მათ მიერვე უკანონოდ მოწყობილ „საქართველოს ბანკიდან“ წამოღებულ კომპიუტერში „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელთა საშუალებით. ძალდატანებით აწერინებდნენ საგადასახადო დავალებებს და არიცხინებდნენ თანხებს „ინტელექტბანკის“ ანგარიშებიდან „საქართველოს ბანკში“ „ახლად გახსნილ“ ანგარიშებზე. ასეთი რამ, უპრეცენდენტო მოვლენაა საბანკო სისტემაში.

ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე 24 საათის განმავლობაში ჩამოყარეს აბრები „ინტელექტბანკის“ სათაო ოფისიდან და ყველა ფილიალიდან და შეცვალეს ისინი „საქართველოს ბანკის“ აბრებით.

48 საათის განმავლობაში გადაიტანეს „ინტელექტბანკის“ ყველა აქტივი „საქართველოს ბანკში“, რაც მათივე საჯარო სივრცეებში გაკეთებული განცხადებებითაც დასტურდება, ხოლო იურიდიულად მხოლოდ ერთი თვის თავზე გააფორმეს, რომ „ინტელექტბანკის“ აქტივები „საქართველოს ბანკმა“ „იყიდა“ 1 ლარად და მრავალი საბუთი გაფორმდა ძველი რიცხვით, რომლის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიტაცების შემდეგ იმ დროისათვის საქართველოს ბანკი გადაიქცა ყველაზე მსხვილ ბანკად საქართველოში.

2013 წლის 6 თებერვალს „ინტელექტბანკის“ აქციონერებმა საქართველოს მთავარ პროკურათტურაში შეიტანეს საჩივარი, სადაც ვრცლად და დეტალურად არის გამოკვეთილი ჩადენილი დანაშაული და მათი ჩამდენები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხი ყველა ხსენებულ უკანონობაზე არის ის, რომ როგორც ისინი აცხადებენ, არ არიან საბანკო საქმის ექსპერტები, ხოლო ეროვნული ბანკი ამ საქმის მხარეა მათი ექსპერტად ჩართვა დაუშვებელიაო.

ანუ იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ქმედებების ჩამდენი პირები, პროკურატურა ცდილობს, რომ საკითხი ისეთ ჭრილში გადაიყვანოს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდეს და პასუხისმგებლობა ააცილონ დამნაშავეებს.

ჩვენთვის, უცნობია რა ვალდებულებები აიღო „საქართველოს ბანკმა“ 2012 წლის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ელემენტარულ დარღვევაზე არაპროპორციულად ისჯება ერთი, ხოლო სერიოზულ დანაშაულზე, საერთოდ არ ისჯება მეორე!

რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში სტუმრობისას გაასაჯაროვა მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის პოზიცია, რომლის თანახმად, თურმე, ბევრი საჩივარი ყოფილა შესული „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ პარტიის ლიდერის პოზიცია არის ის, რომ პროკურატურა არ უნდა ჩაერიოს ორ სუბიექტს შორის დავაში, რათა ასეთ დავებში პროკურატურის ჩარევა იქნება სიხისტის გამოვლენა სახელმწიფოს მხრიდან. ანუ გამოდის, რომ 2012 წლის არჩევნების ერთ-ერთი ფუნდამენტური დაპირების - სამართლიანობის აღდგენის - იმედით, პროკურატურაში შესული, 10 000-ზე მეტი საჩივრის უკან მდგომი ასეულობით ათასი ადამიანი, სულ ტყუილად ელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არ არის იმის მზაობა და პოლიტიკური ნება, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ეს საქმეები და დასაჯოს დამნაშავეები.

საყურადღებოა, რომ გურგენიძე-ქადაგიძის ტანდემი, არაერთ მსგავს საქმეში არის მხილებული, რაზეც მიმდინარე წლის 4 მარტ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა კარლო კოპალიანმაც და მოუწოდა კიდეც პროკურატურას, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ეს საქმები.

საყურადღებოა, რომ „ინტელექტბანკი“, ქართული საბანკო სისტემის ერთ-ერთი პიონერი ბანკი იყო. ეს ბანკი ქართული ბანკებიდან პირველი გაწევრიანდა და ამით ქვეყანა გააწევრიანა SWIFT-ის საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში. ამ ბანკმა საქართველოში პირველმა დაამზადა და დანერგა საერთაშორისო პლასტიკური ბარათი და დადგა ქვეყანაში პირველი ბანკომატი. ამ ბანკმა, „თიბისი ბანკთან“ ერთად შექმნა საერთაშორისო და ადგილობრივი პლასტიკური ბარათების საქართველოში პირველი საპროცესინგო ცენტრი. იყო ლიდერი საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და ფულადი გზავნილების ბაზარზე. „ინტელექტბანკმა“ შემოიყვანა საქართველოში „ამერიქან ექსპრესის“ სახელით ცნობილი პლასტიკური ბარათების ბრენდი და გახდა ამ კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქვეყანაში. საყურადღებოა, რომ დღე „საქართველოს ბანკი“ უსირცხვილოდ ამაყობს ამ ექსკლუზივით, რომელიც მან, რელურად, „ინტელექტბანკს“ წაართვა და ეს ექსკლუზივი იმ 1 ლარად „აუქციონზე“ „შეძენილი“ აქტივების მხოლოდ მცირე ნაწილია. ინტელექტბანკი ყოველწლიურად გადიოდა აუდიტორულ შემოწმებას, რომელსაც ატარებდნენ ე.წ. ,,დიდი ხუთიანის“ წევრები და წარმატებით ემსახურებოდა მთელი საქართველოს მაშტაბით ასიათასობით კერძო და იურიდიულ კლიენტს.

ნიშანდობლივია, რომ ის ბიზნესმენები, ვინც კარგად გრძნობდნენ თავს წინა ხელისუფლების პირობებში, მათი კარის ბიზნესმენებად ითვლებოდნენ და ამით დიდ მატერიალურ მოგებას ნახულობდნენ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უფრო უკეთესად არიან და გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ის ბიზნესმენები, ვინც წინა ხელისუფლების დიქტატს არ აყვნენ, შეუპოვრად იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ. ყველანაირი ლოგიკით ისინი დღეს უკეთესად უნდა იყვნენ, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების კარის ბიზნესმენები რადგან, სამართლიან ქვეყანაში წამრთმევი წართმეულზე უკეთესად ვერ უნდა გრძნობდეს თავს, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა ეს ასე არ არის...

აქედან კი შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას, რასაც, სამწუხაროდ, ამყარებს ის ფაქტი, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე, სადაც არც მომჩივანია ვინმე და არც დაზარალებული პროკურატურა 11 წლის წინანდელ საქმეს იძიებს „საკუთარი ნებით“, ხოლო ,,ინტელექტბანკის“ მითვისების საქმე, რომელსაც კონკრეტული მომჩივანებიც ჰყავს და დაზარალებულებიც მეექვსე წელია თაროზე დევს და დამნაშავის გამოვლენა „ვერ ხერხდება“. - წერია განცხადებაში