ანაკლიის პორტს აქვს იმის პოტენციალი, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი იყოს, - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არ აწყობს, საქართველოს ჰქონდეს მნიშვნელოვანი პუნქტი შავ ზღვაში.
„ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თვითონ პორტის, შეიძლება, არ იყოს ძლიერი, მაგრამ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ცალსახაა.
შავი ზღვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიცენტრი გახდა გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის. დასავლეთი ცდილობს, რომ რუსეთი დააბალანსოს ამ არეალში და შესაბამისად, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რაც დასავლეთს არ აქვს. ამდენად, სტრატეგიულად შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მიმართულება და, ბუნებრივია, თუ საქართველოს მიმართულება იქნება განხილული, არსებული პორტები ამისათვის, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ვარგისი, ანაკლიას კი ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, რუსების ეჭვიანობა გასაგებია,'' - განაცხადა ხუხაშვილმა.