ტექნოპარკში ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და „მთის სათემო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემალ დამაცალაშვილმა მოაწერეს. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს პრემიერ -მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

როგორც ლაშა მიქავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით. მისი თქმით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. ამასთან, შესაძლებელი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის.

„ეს პროექტი არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ამ მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაციას“- აღნიშნა ლაშა მიქავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთის განვითარებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას, რაც მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბოლო წლებში. ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი - ეს არის ხეობები, რომელთაც აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი, იქ არის სასაზღვრო სოფლები, რომლებსაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ ყოველთვის და იმის ხელშეწყობა, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას გაუჩნდეს დაბრუნების სურვილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა

პროექტის მთავარი მხარდამჭერი და ინიციატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, აწარმოა მოლაპარაკებები ინტერნეტ საზოგადოება ISOC-თან და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება. სამინისტროსა და ISOC-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, ამ უკანასკნელმა საქართველოს გაუწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ხოლო ინტერნეტ საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ააიპ „მთის სათემო ქსელმა“ მიიღო დამატებით დაფინანსება 70 ათას ლარამდე სხვადასხვა დონორების საშუალებით. პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომლსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება.

მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“.