საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსია 0.61, რაც გულისხმობს, რომ დღეს საქართველოში დაბადებული ბავშვები მხოლოდ 61%-ით მოახერხებენ თავისი პოტენციალის რეალიზებას“,- ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ინდექსი წარმოაჩენს პროდუქტიულობის იმ დანაკარგებს ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემებით არის განპირობებული.
ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ აღნიშნული პრობლემები შესაძლოა, უფრო დიდი იყოს დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ჯგუფებში, სადაც ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ხარვეზები ხელს უშლის ადამიანების პოტენციალის რეალიზებას.
„ეს ბიულეტენი სოციოეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ადამიანის კაპიტალის განათლების კომპონენტს და წარმოაჩენს სიღარიბით გამოწვეულ შეზღუდვებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე“,-აღნიშნულია კვლევაში.
PMCG-ის მონაცემებით, განათლების დონის შეფასებისას, ადამიანური კაპიტალის ინდექსი ყურადღებას აქცევს ჩარიცხვის მაჩვენებლებს, ისევე როგორც სწავლის ხარისხს. ამასთან, საქართველოში სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია ყველა სოციოეკონომიკურ ჯგუფში (99%), თუმცა სწავლის ხარისხის შეფასებისას თავს იჩენს ქვეყანაში არსებული სოციოეკონომიკური უთანასწორობა.
„PISA-ს (Programme for International Student Assessment) შეფასების ტესტში მოსწავლეთა 51%, 52%, და 57% ვერ აღწევს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში. ყველაზე მაღალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში 2 შესაბამისი ნიშნულებია 32%, 32% და 36%, მაშინ როცა ყველაზე დაბალ სოციოეკონომიკურ მეოთხედში ზღვარს მიღმა მყოფი მოსწავლეების წილი 68%, 70%, და 76%-ს აღწევს“,- ნათქვამია კვლევაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში სოციოეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა სოფელს და ქალაქს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლებს შორის არსებული განსხვავების საფუძველზეც შეიძლება. ამასთან, გასაკვირი არ არის, რომ TIMSS-ის კვლევაში მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით, ქალაქის კერძო სკოლებში მოსწავლეებს სხვებზე გაცილებით უფრო მაღალი შედეგები აქვთ.
„ბოლო 8 წლის განმავლობაში ცვლილებების შეფასება ცხადყოფს, რომ ქალაქსა და სოფელს შორის არსებული განსხვავებები ღრმავდება - სოფლის და ქალაქის მეოთხეკლასელების საშუალო შეფასებებს შორის განსხვავება 9 ქულა იყო 2007 წელს, 24 - 2011 წელს და 31 - 2015 წელს. 2007 წელს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალოდ 38 ქულით დაბალი შედეგი ჰქონდათ, კერძო სკოლებთან შედარებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. 2015 წლისთვის, სხვაობა გაიზარდა და 65 ქულას მიაღწია“,- ნათქვამია კვლევაში.