„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენელთა განცხადებით, პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერის რამდენჯერმე ჩაშლამ საერთაშორისო ინვესტორებს კითხვები გაუჩინა.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება სახელმწიფოს მიერ 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ხაზარაძემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ გასული წლის განმავლობაში ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.
შესაბამისად, საინტერესოა თუ სად, რომელ უწყებებში წყდება ანაკლიის ბედი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს კითხვას ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი პასუხობს:
„ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილია სპეციალური სააგენტო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვენი უშუალო პარტნიორია სახელმწიფოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს სააგენტო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის მთლიანობაში პასუხისმგებელი და კოორდინაციის ფუნქციასაც ისინი ასრულებენ. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში არის ტრანსპორტის მიმართულება და ეს უწყებაც აქტიურად არის ჩართული პროექტის განხორციელებაში,“-აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
თავდაპირველად, სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მოგვიანებით, აღნიშნული ფუნქცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. სააგენტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი სსიპ-ია.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო მთავრობის 2017 წლის მარტში გამოცემული დადგენილებით შეიქმნა. მისი მიზანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი.
სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის მიზნებისთვის, განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება; მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ცნობისთვის, 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა. ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის, ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.