შს სამინისტრო 50 ოპერატიული დანიშნულების ავტომობილს ყიდულობს.
ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და 20%-ის ოდენობით შეიძლება შეიცვალოს. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული 50 ერთეული ოპერატიული დანიშნულების მქონე სატრანსპორტო საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და აღნიშნული ორგანიზაციის სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის არის განკუთვნილი.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერი 18 მარტს დაიწყო და 19 მარტს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 435 000 ლარია. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.