რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ადგილობრივი ტურისტები საქართველოში

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს.

„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს.

ამასთან, გასულ წელს ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 144.8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 2.5 პროცენტით არის გაზრდილი და 132.3 ლარს უტოლდება.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ადგილობრივი ვიზიტორები საყიდლებზე ხარჯავენ. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, საყიდლებზე საშუალო ხარჯმა ვიზიტზე 44.4 ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 30.4 ლარით საკვები და სასმელი იკავებს, 23.2 ლარით კი მესამე ადგილზე ტრანსპორტია.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით განთავსებაზე გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 6.6 ლარს; გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე - 2 ლარს, სხვაზე კი - 25.7 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი