მარშალ გელოვანის გამზირზე სწრაფი ავტობუსის ხაზმა უნდა გაიაროს - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთია კომპანია „სისტრას“ კვლევიდან წინასწარი ინფორმაცია.
„შედეგად ასეთი მარშრუტი იქნება - დიდი დიღმიდან, აღმაშენებლის ხეივნით ამერიკის საელჩოდან უნდა მოხდეს გზის გადაჭრა და ლუბლიანას ქუჩაზე დაკავშირდეს. ლუბლიანას ქუჩა გამოდის რობაქიძის გამზირზე, სადაც ავტობუსის ზოლები უკვე გაკეთებული გვაქვს და გადაებმება მარშალ გელოვანს. სწრაფი ავტობუსის ზოლი ნიშნავს იგივეს, რაც გავაკეთეთ მაგალითად ბარათაშვილის აღმართზე, სადაც გზა ხუთ ზოლად ვაქციეთ და თუ აღმართზე ასვლისას ავტობუსს ნახევარი საათი სჭირდებოდა, ახლა 5 წუთში გაივლის, რადგან კერძო ავტომობილების სახით შეფერხება არ ხვდება,“- აღნიშნა მუმლაძემ.