„ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა

„უოლ სტრიტ ჟურნალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ ყველაფერს კი დიდი ალბათობით, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ბოლო ხუთ თვეში ამ ლაინერის ორ ფატალურ ინციდენტთან, რომლებსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი იკვლევს იმ სერტიფიკატებს და მათი გაცემის პროცედურებს, რომლებითაც ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ, „ბოინგ 737 მაქსზე“ ფრენის სერტიფიკატი გასცა. კერძოდ, კითხვის ნიშნები გათიშვის საწინააღმდეგო სისტემის გამართულ მუშაობას უკავშირდება.

პარალელურად, გამოცემა „სიეტლ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, „ბოინგ 737 მაქსის“ ფრენის კონტროლის სისტემის უსაფრთხოების ანალიზის ფუნქციას რამდენიმე ნაკლი აღმოაჩნდა.

ამ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, „ბოინგის“ აქციები 2.2 პროცენტით შემცირდა. ეთიოპიის ავიახაზების „ბოინგ 737 მაქსის“ კატასტროფა 10 მარტს მოხდა, რასაც „ბოინგის“ აქციების 10 პროცენტით ვარდნა მოჰყვა. ამერიკული კომპანიის კაპიტალიზაცია კი 25 მილიარდი დოლარით შემცირდა. ცნობისათვის, კატასტროფამ ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი შეიწირა. ოქტომბერში, მსგავსი (აფრენისას) ავარია მალაიზიურ „ლაიონ ეარის“ „737 მაქსს“ შეემთხვა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ახლახან „ბოინგმა“ გამოაცხადა, რომ „737 მაქს 8-ს“ კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებული ვერსია შეიმუშავა. ამას მოჰყვა ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადება იმის შესახებ, რომ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე სერტიფიკატს აპრილამდე გასცემს.