ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართება

31 მარტს, ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწიურად გაიმართება. მათივე ცნობით, „ტურისტერის“ მიზანია, ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბარი. ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შემდეგი ღონისძიებებისაგან შედგება: ტურიზმის ფორუმი, საუბრები ტურიზმზე, რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა.

„საქართველოში ბევრი უნდა ვისაუბროთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს.„ფესტივალი „ტურისტერი“ კარგად გამოკვეთს დარგში არსებულ გამოწვევებს. ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს და თითოეულ მათგანზე ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე.

ფორუმზე სამ ძირითადი მიმართულებაზე იმსჯელებენ:

1. საკანონმდებლო რეგულაციები;

2. ტურიზმის პოლიტიკა;

3. კლიმატური ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება.

ფორუმი გაგრძელდება საუბრებით ტურიზმზე, სადაც დარგის სპეციალისტები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, როგორიცაა - მარკეტინგი, კულტურა, მეწარმეობა, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს“,- განმარტავს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი.

ფორუმის პარალელურად კლუბ “ბოტანიკოში“ ტურიზმის სფეროს სტარტაპების გამოფენა გაიმართება. „სტარტაპების გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან დაკავშირებით. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიის, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს“, - განმარტავენ ფესტივალ „ტურისტერის“ ორგანიზატორები.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.„სპონსორებთან უკვე შეთანხმებულნი ვართ საუკეთესო იდეების დაფინანსებაზე. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით უკვე გამოცხადდა იდეების შეგროვების კონკურსი. შეიქმნება ერთგვარი იდეების ბანკი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნობთ და დაინტერესების შემთხვევაში, მათი კავშირი შედგება“, - განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი.

ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე, აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. „ტურიზმის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ აჭარული სამზარეულო დიდი პოტენციალის მატარებელია და ამ პოტენციალს სწორად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები. სპიკერების, პანელისტების, ბილეთების და დამატებითი დეტალების გასაგებად, ესტუმრეთ ფესტივალის ვებგვერდს:https://tourister.ge