დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ, მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს.
საუბარია, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის თქმით, თბილისის მეტროპოლიტენის ხაზის მშენებლობისას გამოწვეული სამშენებლო ვიბრაციისა და რყევების გამო ახლომდებარე საცხოვრებელ არეალში წარმოიქმნება ტექნოგენური საფრთხეები. მისი თქმით ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩენილია სახიფათო კარსტული ორმო.
მისივე თქმით, მოსახლეობის მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად ქალაქის მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი თვითმმართველობა რეაგირებას არ ახდენს. ამიტომ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინიციატორი მოითხოვს პარლამენტმა შეიმუშაოს და მიიღოს საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ხოლო თავად მეტროპოლიტენს, არსებული კარსტული მოვლენების გამო დაუწესდეს ორმხრივად 100 მეტრი სიგანის დამცავი ზონა (ჯამში 200 მეტრი).
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, საკითხი შესასწავლი და მოსაგვარებელია, თუმცა, ცალსახად მესაკუთრის ცვლილება გამოსავალი არ არის, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით დამატებითი სამუშაო შეხვედრის ჩატარება.