გვსურს, საქართველომ განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა, ვისაუბრო ჩვენს ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განვიხილე ის პერსპექტივები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.
„ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს. უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა მალმსტრომმა.
სესილია მალმსტრომის შეფასებით, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას“.
„ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეფორმები. ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს“,- აღნიშნა ევროკომისარმა.
ევროკომისრის თქმით, მას სურს საქართველომ განავითაროს ახალგაზრდობისთვის შესაძლებლობები.
„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.