თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია ქართულად ჩაითვლება?

საქართველო თურქეთთან მოლაპარაკებას გამართავს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 -ლი სექტემბრიდან ძალაში შევა. თუმცა, საქართველოში წარმოებული ყველა პროდუქტი ვერ ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით და ვერ შევა ევროკავშირში უბაჟოდ. მან უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წარმოშობის წესების მოთხოვნები.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ გაბუნია ამბობს, საქართველომ ევროკავშირთან უკვე მოილაპარაკა დიაგონალური კუმულაციის პრინციპზე. ”საქართველო პატარა ქვეყანაა და სანედლეულო ბაზა ძალიან მწირია. მხოლოდ იმით ვერ დააინტერესებ ინვესტორს, რომ შემოვიდეს, ინვესტიცია განახორციელოს და მხოლოდ საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზა გამოიყენოს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სანედლეულო ბაზა როგორმე გაგვეფართოვებინა და ამიტომაც მოვილაპარაკეთ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის პრინციპზე, რომელიც თურქეთთან უნდა ამოქმედდეს. თუ თურქეთიც თანახმა იქნება, მაშინ თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პროდუქტი ჩაითვლება ქართულად და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა საქართველოდან. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს მომავალში ვაპირებთ”,- მარიამ გაბუნია.