ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლები. ინფორმაციას ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ჯამში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. პროექტი, ასევე ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას.
პროექტის ღირებულება 5.1 მილიონი ლარია და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.