ცნობილი კომპანიების უცნაური პატენტები

რამდენიმე დღის წინ უმსხვილესმა ავიამწარმოებელმა Airbus-მა თვითმფრინავებისთვის ველოსიპედის სკამის ფორმის დასაჯდომები დააპატენტა.

ამასთან კომპანიამ მგზავრები დაამშვიდა, რომ ჯერჯერობით წარმოებაში აღნიშნული სიახლის შემოტანას არ გეგმავს. Airbus-მა გამოგონება მომავლისთვის დააპატენტა.

აღნიშნულთან დაკავშირებით The Village-მა შეადგინა ცნობილი კომპანიების ყველაზე უცნაური პატენტების სია. წარმოგიდგენთ ამ პატენტების ჩამონათვალს.

Motorola Mobility - ტატუ მიკროფონით

Google-ს კუთვნილმა კომპანია Motorola Mobility-მ 2013 წელს დააპატენტა ტატუში ჩამონტაჟებული მიკროფონის იდეა. თუკი იდეა განხორციელდება, გამოგონება მომხმარებელს საშუალებას მისცემს საკუთარი ხმით მართოს სმარტფონი, Google Glass და სხვა გაჯეტები. სპეციალური ტატუ კი ყელის არეში უნდა გაკეთდეს და ის საფოსტო მარკის ზომის იქნება. ბგარდა ამისა, ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მომხმარებელს შემომავალი და გამავალი ზარების ხმა უკეთ გაიგონოს ხმაურიან ადგილებში, ანდა მოუსმინოს მუსიკას ყურსასმენების გარეშე ისე, რომ ხელი არ შეუშალოს გარშემომყოფებს.

Airbus - უფანჯრო კაბინა

კომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პილოტის კაბინაში არსებული საქარე მინა სრულიად ზედმეტი რამაა. ამიტომ, კომპანიამ 2014 წელს მიიღო პატენტი კონსტრუქციაზე, რომელიც პილოტის კაბინაში მინის ნაცვლად კომპიუტერული ეკრანის დაყენებას გულისხმობს. აღნიშნული ტექნოლოგია თვითმფრინავის წონას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კიდეც. ამ განლაგებით, პილოტების დასმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება - თვითმფრინავის სატვირთო ნაწილშიც კი.

Google - ფოტოაპარატი ტროსტში (ხელჯოხში)

კორპორაციამ 2013 წელს ტროსტში ჩამონტაჟებული აპარატი (Walking-stick with IMU) დააპატენტა, რომელიც პანორამული გადაღებისთვის იქნება განკუთვნილი. ხელჯოხი აღჭურვილი იქნება კამერებითა და ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სენსორებით. ჩანაფიქრის მიხედვით მოწყობილობა Google Maps-ის სრულყოფისთვის იქნება საჭირო.

AT&T - ადამიანი კომპიუტერი

სატელეკომუნიკაციო გიგანტმა განაცხადი შეიტანა მეთოდზე, რომელიც ერთი კომპუტერული მოწყობილობიდან მეორეზე მონაცემების გადატანას ადამიანის სხეულის გავლით გულისხმობს. 2013 წელს კომპანიამ აღნიშნული იდეის პატენტი მიიღო. დოკუმენტი აღწერს მეთოდს, რომლის დახმარებითაც ინფორმაცია სპეციალურ სიგნალად გარდაიქმნება და რომლის გამტარი ადამიანი ხდება. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მიმღები მოწყობილობა იღებს არა ”სუფთა” სიგნალს, არამედ შეტყობინებების ნარევს, რომელსაც სხეული აგზავნის.

Apple - მზის ბატარეა iPhone-სთვის

ჯერ კიდევ 2008 წელს კომპანიამ განაცხადი შეიტანა პატენტზე - სენსორული ეკრანი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილობებში. პატენტი აღწერს ტელეფონებსა და მუსიკალურ ფლეიერებს, რომლებიც სპეციალურად კონსრტუირებული სენსორული ეკრანის წყალობით მზის ენერგიით იმუხტებიან.

Boeing - ვირუსების დეტექტორი

ყოველწლიურად მილიარდობით მგზავრი მოგზაურობს თვითმფრინავით. მათთან ერთად ”დადიან” ვირუსები და ბაქტერიებიც. კორპორაციის ჩიკაგოს განყოფილებამ დააპატენტა მოწყობილობა, რომელიც ააშკარავებს ინფექციური დაავადებების საშიშროებას აეროპორტებში. ივარაუდება, რომ მოწყობილობა დაყენდება მოსაცდელ დარბაზღი, ფრენის ზონებში და Duty free-ს მაღაზიებში.

სპეციალური სენსორების საშუალებით, გროვდება ინფორმაცია გარემოში ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია გადაეცემა აეროპორტის პერსონალს. სისტემა ხელს შეუშლის დაავადებების გავრცელებას - გააფრთხილებს სპეციალურ სამსახურს თვითმფრინავის სალონში ჰაერის ცირკულაციის გაზრდის შესახებ, მგზავრებისთვის ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დროულად მიწოდების შესახებ.