ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, 20 მარტს, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელიც შემოსავლების სამსახურის ინიციატივით გაიმართება და დიალოგის ფორმატში წარიმართება, მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელონ.
აღნიშნულ შეხვედრას ათი კომპანიის, კერძოდ; საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG ), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) , საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სათამაშო ბიზნესისასოციაციის ხელმძღვანელი პირი დაესწრება.