ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს მოიცავდა და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
“პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში დაასახელა იაპონიის წარმატებული მაგალითი, რომელმაც სკოლამდელ განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.
“სკოლამდელი განათლება არის ძალიან ფაქიზი თემა. სამწუხაროდ, საქართველოში სკოლამდელი განათლება საერთო განათლების სისტემის ნაწილი არ იყო, რაც დიდი შეცდომაა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ვინაიდან სკოლამდელ ასაკში ბავშვის ნიჭის და პოტენციალის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იაპონია ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება და ჩვენ ვსწავლობთ ყველა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებას. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ჩვენ სწორება გვაქვს ფინურ მოდელზე. პროფესიულ განათლებაში კი ჩვენთვის მთავარი ორიენტირია გერმანიის, ისევე, როგორც შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილება, ვინაიდან ჩვენმა ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს მყისიერი დასაქმება და პროფესიულ განათლებას ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი აქვს”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.