თბილისში, დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილას შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქუჩები, რომელზეც აღნიშნული რეგულაციები დაწესდება შემდეგია: ქეთევან დედოფლის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, აკაკი წერეთლის გამზირი, დავით გურამიშვილის გამზირი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, ნუცუბიძის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩა, სულხან ცინცაძის ქუჩა, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, აწყურის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა.
„ზუსტად ერთი წლის წინ თბილისის მერიამ აამოქმედა რეგულაციები მიკროავტობუსებისთვის. ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ გაეჩერებინათ ყველგან. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენ, შარშან შევარჩიეთ 14 ცენტრალური ქუჩა და ისინი დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ მიკროავტობუსები. ამ ცვლილებებმა გაამართლა და შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა“,- განაცხადა კალაძემ.