თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბაგებში, „მეტრა პარკის“ დაგეგმილ მშენებლობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან კავშირი არ აქვს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „მეტრა პარკზე“ განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე წლის წინ არის დამტკიცებული.
„გენერალურ გეგმასთან „მეტრა პარკის“ მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ „მეტრა პარკზე“ განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე წლის წინ არის დამტკიცებული და ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად ხდება იქ ნებართვების გაცემა და მშენებლობის განხორციელება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოსახლეობა სამართლებრივ დავაშია შესული დეველოპერთან და შესაბამისად, სამართლებრივი გზებით მოხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, ბაგებში, საკანდელიძის #21 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კომპანია „მეტრა პარკის“ მიერ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, მშენებლობას კომპანია რეკრეაციულ ზონაში ახორციელებს.