ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის 4,7 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილში დაიწყო.

პროექტზე 40 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და ავტობუსების გაჩერებები. დარჩენილია საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზა ქუთაისსა და ქუთაისის შემოვლით გზას, მიმდებარე სოფლებს აკავშირებს. ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს. რეაბილიტირებული მონაკვეთი ქუთაისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მგზავრობას სწრაფს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო დაფინანსებით შ.პ.ს "საქმილსადენმშენი" ასრულებს, რომლის ღირებულებაც 3 018 000 ლარს შეადგენს. ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზა 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა.

გზა ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.