ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმამ 1,5 მილიარდი ევრო შეადგინა და ამის საფუძველი მის საძიებო სისტემაში კონკურენტი კომპანიების რეკლამების გამოჩენის დაბლოკვაა. საჩივარი ეხება კომპანიის მხრიდან მესამე მხარის კონკურენტებს, რომელთა რეკლამები ამერიკულმა კომპანიამ 2006-2016 წლის განმავლობაში მისი დომინანტური პოზიციის შედეგად დაბლოკა.
„Google-მა გაიმყარა საკუთარი დომინანტური როლი საძიებო რეკლამაში და ამ გზით დაიცვა საკუთარი თავი კონკურენტებისგან, ამისთვის კი აწარმოა ანტიკონკურენტული შემზღუდავი მოლაპარაკებები მესამე მხარის საიტებთან. ეს არის უკანონო ქმედება ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თანახმად“, - განაცხადა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა.
როგორც ცნობილია, Google-ის მფლობელი Alphabet რეკლამებიდან წლიურად ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 30,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი ონლაინ რეკლამიდან მიიღო.
ცნობისთვის, ეს არის რიგით მესამე ჯარიმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც ევრომარეგულირებელმა ამერიკულ კომპანიას დააკისრა. როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ წელს ევროპის კონკურენციის სააგენტომ კომპანია 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა „ანდროიდ“ სისტემებზე მონოპოლიური მდგომარეობის გამო, ხოლო 2017 წელს 3 მილიარდი დოლარით - კონკურენტი ონლაინ კომპანიებისთვის ონლაინ შოპინგის დროს ხელის შეშლისთვის.