გიორგი ქობულიამ  ბელორუსული  კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

გიორგი ქობულიამ ბელორუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველოდან ბელორუსში ექსპორტზე გადის ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია როგორიცაა: მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, თხილი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. დღევანდელი ღონისძიება ორივე მხარის ბიზნეს წრეების დაახლოების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრაზე.

გიორგი ქობულია შეხვედრას საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის სიტყვაში საქართველო-ბელორუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია და დივერსიფიკაცია. მან ბელორუსის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო.

„ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად. განხორციელებული რიგი რეფორმების შედეგად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დაწყების კუთხით და ა.შ.“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბელორუსული კაპიტალით შექმნილი 70-მდე კომპანია საქმიანობს.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისა და ასევე, ერთობლივი საწარმოების გახსნის თვალსაზრისით, დღევანდელი ღონისძიება დამატებითი სტიმული იქნება ბელორუსული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ქართულ-ბელორუსული საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელორუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.