კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34,272 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის თებერვალში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 90,015 მლნ ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ბანკების შემოსავლებმა 324,452 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 261,442 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,694 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 17,582 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 26,226 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ბანკებმა 7,216 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი