ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთხელ არ ადასტურებს. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა მისი მინისტრის პოსტიდან გადადგომის საკითხი კვლავ გააქტიურდა. აღნიშნულის შესახებ დღესაც გავრცელდა ინფორმაცია. მეტიც, ქობულიას შემცვლელად ნათია თურნავა დასახელდა. თუმცა, ეკონომიკის მინისტრი ამ ინფორმაციას კიდევ ერთხელ უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულიას მისი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება მარტის დასაწყისშიც მოუწია და მაშინ მინისტრმა ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ ის აგრძელებს მუშაობას. ამასთან, შეგახსენებთ იმასაც, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ცნობები გასულ წელსაც ვრცელდებოდა.