როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში შეექმნა, ამ შემთხვევაში გამოუცდელ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგი განათლება და პროექტების მართვის კარგი უნარი აქვთ, პორტის მშენებლობა არასდროს განუხორციელებიათ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, პრობლემა, რომელიც კონსორციუმშია, არის ზურგის, პარტნიორის, მათ შორის სტატეგიული ინვესტორის ნაკლებობა, რომელიც პროექტში უნდა ყოფილიყო.
„რატომღაც ხდება ანაკლიის პროექტის და ანაკლიის კონსორციუმის უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან გაიგივება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროექტში 42%-ით შესულია კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე ასეთივე თანაბარი წილით - 42%-ის ოდენობით “კონტი ჯგუფზე“ ფიქსირდება. სწორედ იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმში შესული იყო “კონტი ჯგუფი“, მისი გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვაში. კერძოდ, ინტერესთა გამოხატვის პირობა ამბობდა იმას, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებდა, უნდა ჰქონოდა სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის პროექტის მშენებლობა-ოპერირებაში, ფინანსების მოზიდვაში, უნდა ჰქონოდა გამოცდილება ერთი ან მეტი პორტის განვითარებასა და მართვაში, უნდა ჰქონოდა საზღვაო ტრანსპორტთან და მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებული გამოცდილება და ყველა ფინანსური დოკუმენტაცია და უწყისი ისეთი სახით უნდა ყოფილიყო შედგენილი და წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ყოფილიყო დარწმუნებული იმაში, რომ კონსორციუმის ფინანსური მდგომარეობა იყო იმგვარი, რომელიც ასეთი დონის პროექტის შესრულებას უზრუნველყოფდა. როდესაც სამთავრობო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, “კონტი ჯგუფის“ ფინანსური მდგომარეობა და გამოცდილება იყო მიზეზი, რატომაც ტენდერში ამ კონსორციუმმა გაიმარჯვა. დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, „კონტი ჯგუფს“ ჩვენც ვერ ვხედავთ - “კონტი ჯგუფი“ ფაქტიურად პროცესში ჩართული არ არის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მინისტრის თქმით, დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია უშუალოდ ქართული მენეჯმენტის მიერ და არც ჩანს ის გამოცდილება და ფინანსური მდგომარეობა, რამაც პროცესში კონსორციუმს გაამარჯვებინა.
„კონტი ჯგუფი“ უნდა ყოფილიყო პროექტის სტატეგიული ინვესტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ „კონტი ჯგუფი“ მისი ფინანსური სიძლიერით, გამოცდილებით და პორტფელით უნდა ყოფილიყო გარანტორი ბანკებისათვის, და გარანტორი, რომ ასეთი რთული პროექტის მშენებლობა 3-წელიწადში იქნებოდა უზრუნველოფილი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.