ბანკებმა გასულ კვირას მთავრობას თავდაპირველისგან ცოტა განსხვავებული და ვფიქრობ, კომპრომისული პირობები წაუყენეს, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების რვაპუნქტიან მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის მოთხოვნები, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წინა კვირას წერილობით გაუგზავნეს მთავრობას, იყო ცოტა შეცვლილი და შერბილებული.
„იქ ნაკლებად არის გარანტიის ფორმა და უფრო არის საუბარი ფინანსური ვალდებულების უფლებაზე, რომელიც მთავრობას ექნება. მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ დაინიშნოს შეხვედრა და კონსტრუქციულად გავაგრძელოთ საუბარი", -განაცხადა ახვლედიანმა.
იგი ეკონომიკის მინისტრის მიერ "ინტერპრესნიუსთან" გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მივესალმები გიორგი ქობულიას განცხადებას, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დასრულდება.
კონსორციუმი მზადაა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს ამ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის, რათა კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და შევძლოთ ფინანსური დახურვის მიღწევა", - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორმა ლევან ახვლედიანმა რამდენიმე დღის წინ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ კონსორციუმსა და ინვესტორებთან ფინანსულ დახურვას შორის ის 8 პუნქტი დგას, რომელზეც ამჟამად ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, 8 პუნქტს შორის არის თუ არა რომელიმე მთავრობისთვის პრინციპულად მიუღებელი, განაცხადა, რომ ამ პუნქტებს შორის ყველაზე მძიმე ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნაა.