კახა კალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში დედაქალაქს 90 ავტობუსი შეემატება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში დედაქალაქს 90 ერთეული, 10-მეტრიანი ავტობუსი შეემატება. ამის შესახებ კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მორიგი ვიდეოდიალოგისას განაცხადა.

თბილისის მერს საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე ზემო ფონიჭალის მცხოვრებმა კითხვით მიმართა.

კალაძის განცხადებით, ასევე გამოცხადებული აქვთ კიდევ 220 ერთეულ, 8-მეტრიან ავტობუსებზე ტენდერი და უახლოეს პერიოდში გაირკვევა გამარჯვებული.

„ჩვენი გუნდის ერთი–ერთი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ვიცი თქვენი პრობლემა. სამწუხაროდ, დედაქალაქის ბევრ რაიონში არის კონკრეტული ქუჩები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდია მოცდის დრო. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩვენი ავტობუსების პარკის ძალიან დიდი ნაწილი უკვე მოძველებულია. ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული. შემთხვევით არ არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გვაქვს გაჟღერებული, რომ გვინდა მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. შესყიდვები უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.