აუდიტის სამსახურის შეფასებით, 2017 წლის მონაცემებით, მომსახურების სააგენტო, დაახლოებით, 20,5 მლნ ლარს არ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის.
ცნობისთვის, აუდიტის სამსახურმა მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
„შესყიდვების გზით გაცემული სასაქონლო და ფულადი გრანტების მიზანშეწონილობის საკითხები სააგენტოს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საკუთარი შემოსავლებიდან 9,817,800 ლარი ნაშთის სახით ერიცხებოდა. 2017 წელს შემოსულობების სახით მიიღო 75,453,651 ლარი, ხოლო წლის ბოლოს არსებულმა ნაშთმა 10,967,016.48 ლარი შეადგინა.
გარდა თავისუფალი ნაშთისა, სააგენტო აფინანსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებას, სხვადასხვა ფორმით, კერძოდ: სააგენტო აფინანსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, რამაც 2017 წელს 9,225,380.28 ლარი შეადგინა. გადასცემს ფულად სახსრებს ტრანსფერის საშუალებით, რამაც 1,018,000.00 ლარი შეადგინა. სააგენტო თვითონ ახორციელებს შესყიდვას შსს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისათვის და შესყიდულ საქონელს გადასცემს მათ, სასაქონლო გრანტის სახით − 10,207,332.30 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის მონაცემებით, სააგენტო, დაახლოებით, 20,5 მლნ ლარს არ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ სახსრებით ხდება ისეთი აქტივობების დაფინანსება, რაც სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული ხორციელდება საბიუჯეტო პროცესის დამოუკიდებლად და წარმოშობს კონტროლის რისკებს, ვინაიდან სააგენტოდან რესურსების განკარგვა ხორციელდება სააგენტოს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ჩასატარებელი პროცედურების გარეშე,“-აღნიშნულია ანგარიშში.