გერმანიის ხელისუფლება გეგმავს გადახედოს პენსიებსა და შეღავათებს, რომელსაც გერმანიის ყოფილი პრეზიდენტები და ფედერალური კანცლერები იღებენ - წერს Deutsche Welle.
სააგენტო AFP მანამდე იუწყებოდა, რომ გერმანიის ბიუჯეტის კომიტეტის გადაწყვეტილებით პენსიის დარიცხვისას იგეგმება ყოფილი პირველი პირების სხვა დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებაც. მიღებული გადაწყვეტილებით შემცირდება ყოფილი კანცლერების და პრეზიდენტების პერსონალიც. ამიერიდან ანაზღაურება დაენიშნებათ მათი კანცელარიის ერთ ხელმძღვანელს, ორ რეფერანტს, ერთ მდივანსა და ერთ მთავარ მძღოლს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მოგზაურობებთან, მივლინებების ფედერალური კანონით უნდა დარეგულირდეს. ამიერიდან სახელმწიფო არ დაფარავს მათი თანმხლები პირების მგზავრობის ხარჯებს.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების პენსია და შეღავათები არაერთხელ გამხდარა დისკუსიის თემა და ის უკმაყოფილებას იწვევდა.