არჩილ ხაბაძემ ხილის შესაფუთი ტარის დამამზადებელი საწარმო დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონის მინისტრებთან ერთად ქობულეთში არსებული ხილის შესაფუთი ტარის დამამზადებელი საწარმო შპს "TCF GEORGIA" მოინახულა.

საწარმოში სხვადასხვა სახეობის ხილისთვის პლასტმასის, ხის ანათალისა და მუყაოს გოფრო ტარა მზადდება. დღეისათვის სარეალიზაციოდ უკვე მზად არის 300 000 ცალი პლასტმასის ყუთი. დღე-ღამის განმავლობაში სრული დატვირთვის შემთხვევაში, საწარმოში 14 000 ყუთის დამზადებაა შესაძლებელი. წლის ბოლომდე შპს "TCF GEORGIA"-ში სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის სხვადასხვა სახის 2 მილიონამდე ყუთი დამზადდება. მათ შორის ხურმისა და ატმისათვის 8-9კგ, ციტრუსისა და ხეხილისათვის 13-14 კგ და სხვადასხვა მიზნისთვის ადგილზე გამოსაყენებელი 19-20 კილოგრამის ტევადობის ყუთები მზადდება.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ქობულეთის აგროსერვისცენტრის ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო - სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა მოინახულეს, სადაც 7 000 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხეხილია გაშენებული. აღნიშნულ სანერგეში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პერიოდს ვაზის ისეთი სასუფრე ჯიშები გადიან, როგორებიცაა კარდინალი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო, ალფონსო ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, საბას მარგალიტი, ქართული საადრეო, სულთანიანი და სხვა. საღვინე ჯიშებიდან კი ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, ტაძიგურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელაური. საძირეებიდან მიღებული ნერგები მესამე წელს შედის მსხმოიარობაში, უხვმოსავლიანია და ვარჯის დაბალი ზომით გამოირჩევა. ორი-სამი წლის შემდეგ, სადედე ნერგებიდან შესაძლებელი იქნება სანამყენე კვირტების აღება და მყნობა. გამრავლებულ ხეხილისა და ვაზისა ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერულ მეურნეობების მფლობელებს თვითღირებულების ფასად მიაწვდის.