ამ ბარათებით ცოტა ხანში ალბათ კომუნალურების გადახდაც იქნება შესაძლებელი - ასე გამოეხმაურა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე სათამაშო ბიზნესის მიერ საკუთარი პლასტიკური ბარათების შექმნას, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია.
„სათამაშო ორგანიზაცია ადამიანს ეუბნება, რომ გადმოდი ჩემთან, საერთოდ დაანებე ბანკს თავი, ჩემთან გქონდეს ბრუნვა, არ გექნება თანხის განაღდების პრობლემა და ცოტა ითამაშე. თუმცა, რამხელა სათამაშო რისკია და ცდუნება რამდენად მაღალია, როცა ფული სათამაშო საიტზე გიდევს, ეს ყველამ კარგად იცის.
მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი პლასტიკური ბარათებით გადახდა და თანხის განაღდება ჩვეულებრივ შეუძლიათ. ცოტა ხანში ალბათ კომუნალურების გადახდაც იქნება შესაძლებელი და ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ბარათი იქნება, რომელიც კაზინოზე იქნება მიბმული, ანუ კაზინოზე იქნება მიბარებული შენი მთელი ფინანსები.
ასე თუ გაგრძელდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ის 500 ათასი ადამიანი დაახლოებით, ვინც ჩართულია აზარტულ თამაშებში, საერთოდ დაანებებს თავს საბანკო მომსახურებას და ონლაინ აზარტულ სივრცეში იცხოვრებს. თუ ადრე პრობლემა იყო ის, რომ ადამიანს კაზინო სახლში ჰქონდა კომპიუტერის სახით და რეალურ კაზინოში წასვლა აღარ სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო შეიზღუდა სხვა სამყაროს ფუნქციები და სანაცვლოდ, ონლაინ თამაშების ფუნქციები გაიზარდა,“-აღნიშნავს კუკულაძე.