„არსად არ წასულა არც „კონტი“ და არც SSA Marine“ - ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მხრიდან რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მინისტრი ანაკლიის პროექტში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობაზე საუბრობდა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ „ანაკლიის პროექტში დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, „კონტი ჯგუფს“ ჩვენც ვერ ვხედავთ - “კონტი ჯგუფი“ ფაქტიურად პროცესში ჩართული არ არის“.
„როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ადგილი გვაქვს ინფორმაციის ნაკლებობასთან. როდესაც აქციიონერი არის ამავე დროს სამშენებლო კომპანიის მფლობელი, საერთაშორისო წესები მოითხოვს, რომ ინტერესთა კონფლიქტის აცილების გზით ამავე კომპანიამ არ ააშენოს პორტი. ამიტო ჩვენ გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი, სადაც 6-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ახლა დარჩენილია ორი კომპანია, ერთი თურქული, მეორე ფრანგული კომპანია, რომელთაგან გამარჯვებული მალე გახდება ცნობილი.
„კონტი“ არის ისეთივე თანაბარი მონაწილე, როგორ “თიბისი ჯუფი“. ასე რომ, არსად არ წასულა არც SSA Marine და არც „კონტი“, - განაცხადა თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში “ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთნ ერთად”.