Boeing-ის საბაზრო ღირებულება 40 მილიარდი დოლარით შემცირდა

ამერიკული ავიაგიგანტის, კომპანია Boeing-ის საბაზრო ღირებულება მარტში 40 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, მარტში Boeing-ის აქციებზე ფასი 18%-ით არის შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება შემცირდა 40 მილიარდი დოლარით. „გასული წლის ანგარიშში Boeing აცახდებდა, რომ 100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა“, - წერს CNN.

ამავე ინფორმაციით, ამის მიზეზი ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ჩამოვარდნა გახდა. შეგახსენებთ, ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ „737 მაქს 8″-მ ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა და ეთიოპიის დედაქალაქის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა. ამავე ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ხუთი თვის წინაც განიცადა.

მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ბოინგისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ნაწილმა კი მისი მოხმარება დროებით შეაჩერა.

კოკა კვირკველია