სოციალური მუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოციალური მუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ჩვენი ადრესატი არის უკვე საქართველოს მთავრობა. გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სოცმუშაკების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მანამდე არც ერთი სოციალური მუშაკი არ დაუბრუნდება ადგილს", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
მისი თქმით, მათ 22 მოთხოვნიდან 6 „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" მოთხოვნა აქვთ, რომლის შესრულებასაც უმოკლედ ვადებში ითხოვენ.
"მოთხოვნები არის ძალიან კომპლექსური. სოციალური მუშაკებს აქვთ 22 მოთხოვნა. თუმცა ვართ რეალისტურები, ვიაზრებთ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველაფრის მოგვარება არ შეიძლება და გვაქვს 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა შეძლონ ადამიანურად მუშაობა და ვისაც ვემსახურებით, ბავშვები იქნებიან, ხანდაზმულები თუ სხვები, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება. ეს არის ტრანსპორტი ყველა სოციალური მუშაკისთვის, იმისთვის, რომ ისინი ფეხით არ დადიოდნენ ბენეფიციარებთან, ასევე მოთხოვნების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყვნენ ფსიქოლოგები ჩართული. ძალადობა განცდილი ბავშვები ფსიქოლოგს ელოდებიან 7, 8, 9, 10 თვის მანძილზე, რაც ჯანმრთელობას აზიანებს და სოციალური მუშაკების მოთხოვნაა ფსიქოლოგის, როგორც სერვისის შექმნა ყველა სოციალური მომსახურების ცენტრისთვის", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.