სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ

სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ. სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები არასათანადო პირობებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, თანამშრომელთა რაოდენობა ცოტაა და ვერ ახერხებენ სრულყოფილად მუშაობას.

„სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის", „დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის“, - ამ ლოზუნგებით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას ბათუმშიც მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ღუნაშვილმა განაცხადა, მას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

„ბათუმში არასოდროს ყოფილა რესურსი. საკუთარი ხელფასით ვეხმარებით ბენეფიციარებს. გვიწევს ფეხით სიარული და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები იღუპებიან და ვერ ვშველით“, - აცხადებს თამარ ღუნაშვილი.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.