კომპანია “იუ-ჯი-თი”პირველკლასელთა ახალი კომპიუტერების ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება

კომპანია “იუ-ჯი-თი” ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს პირველკლასელთა ახალი კომპიუტერების ხარისხთან დაკავშირებით.

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას გამართულ მოლაპარაკებებზე შეთავაზებული კომპიუტერი არის მაღალი ხარისხის, აკმაყოფილებს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს და არ გააჩნია არავითარი წუნი, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაც”,- აცხადებენ კომპანიაში.

მათი ინფორმაციით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს მოლაპარაკების დროს წარადგინეს ტენდერის დროს დაწუნებული ნიმუშის იდენტური მახასიათებლების პროდუქტი. ”შერჩეული ტექნიკა არის პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული და მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებაც აქვს დამსახურებული. ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილი მივაყენოთ კონკურენტის პროდუქტს, თუმცა აღსანიშნავია ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის უპირატესობები, რაც პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას”, -განმარტავენ ”იუ-ჯი-თი-ში”.

ხელშეკრულების შესაბამისად, ”იუ-ჯი-თი” ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის უზრუნველყოფს 46,000 პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერის მიწოდებას.