კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 52.2 მლნ ლარით (0.2%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 %-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის 1-ლი მარტისთვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 66.6 მლნ ლარით (0.6 %-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 14.4 მლნ ლარით (0.1 %-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5%-ით შემცირდა).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2019 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 %-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.1 %-ით ნაკლები).

2019 წლის თებერვლის განმავლობაში 0.7%-ით ანუ 96.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 1-ლი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.95% შეადგინა. 2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.17%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.52%-ით)",- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.