საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვაკანსიის განცხადების განთავსებისას ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური) მოინიშნა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს.

„საპენსიო სააგენტოს განცხადება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ნათელი მოვფინოთ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს.

Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს.

გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თანახმად, მათი ანაზღაურება 60 ათას დოლარამდე იქნება.