Apple-ის 5 სერვისი - კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა

მსოფლიო ტექნოლოგიურმა გიგანტმა - Apple-მ მისი უახლესი პროდუქციის საგაზაფხულო პრეზენტაცია გამართა. გთავაზობთ კომპანიის ახალ პროდუქტებს.

Apple TV - განახლებულ სტრიმინგ სერვისზე გაჩნდა ხელმოწერის საშუალება ისეთ არხებზე როგორებიცაა HBO, Starz, Showtime და სხვები. მოწყობილობა მსოფლიოს 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. განახლებული სერვისი ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ Smart TV-ის ტექნოლოგიის მქონე ტელევიზორებზე, ასევე Mac-ის კომპიუტერებზე. მოწყობილობაში არ იქნება რეკლამა.

Apple TV+ - კომპანიამ წარადგინა სერვისი, სადაც საკუთარი სერიალების, ფილმებისა და შოუების წარმოება იქნება შესაძლებელი. პროექტმა ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები დააინტერესა. საკუთარ პროგრამებზე ისაუბრეს ჰოლივუდის ისეთმა ცნობილმა სახეებმა როგორებიც არიან სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, სოფია კოპოლა, დემიენ შაზელი, ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ტელეწამყვანი ოპრა უონფრი და სხვები. პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო ნაწყვეტები რამდენიმე ახალი ტელეშოუდან, სერიალიდან და ფილმიდან, რომლებიც TV+-ისთვის უკვე ექსკლუზიურად გადაიღეს და მოამზადეს.

News+ - ეს არის apple-ს ახალი ამბების სერვისის Apple News-ის დამატება. მასში ხელმისაწვდომი გახდება ცნობილი ჟურნალების ელექტრონული ვერსიები. ესენია - ELLE, People, Esquire, The New Yorker, Fortune. მისი ყოველთვიური გადასახადი არის 9,99 დოლარი.

Apple Сard - ეს არის ვირტუალური ბარათი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თვალი ადევნოთ დანახარჯებს რეალურ დროში. ასევე დაყოთ ხარჯები კატეგორიების მიხედვით. კომპანიის რეალურ და ვირტუალურ მაღაზიებში ამ ბარათით შენაძენის გაკეთებისას კი მყიდველი მიიღებს ე.წ. ქეშბექს Daily Cash 3%-ის ოდენობით. ბარათის პარტნიორები გახდნენ ბანკი Goldman Sachs-ი და სისტემა Mastercard-ი. ყველა შენაძენის ვერიფიცირება შეიძლება Touch ID და Face ID იდენტიფიკაციით.

Apple Arcade - ეს არის სათამაშო სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეს ასობით კომპიუტერულ და მობილურ თამაშთან. Arcade ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლიდან მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ღირებულება ჯერ არ განსაზღვრულა.

კოკა კვირკველია