ბათუმში საკრუიზო ხომალდი Riviera შემოვიდა

ბათუმის პორტში უმსხვილესი საკრუიზო ხომალდი Riviera შემოვიდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავსი სიდიდის ხომალდს რეგიონი პირველად მასპინძლობს. Riviera-ზე 1200-მდე უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით მოემსახურება ადგილობრივი ტურისტული კომპანია AJARA TOUR.

ხომალდი ბათუმის პორტს საღამოს 22:00 საათზე დატოვებს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდი სტუმრობდა აჭარის რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.