„სადგურ ვაჟა-ფშაველას ზემოთ მდებარე სკვერში, უშუალოდ მეტროპოლიტენის გვირაბის თავზე, 2018 წლის აგვისტოში კარსტული ორმოა წარმოქმნილი, რომლის მიმართაც დღემდე არ გატარებულა მისი შემოღობვა ან რაიმე ზომა“. ამის შესახებ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნულია.
მოქალაქის ინიციატივა თბილისის მეტროპოლიტენის ხაზის მშენებლობისას გამოწვეული სამშენებლო ვიბრაციისა და რყევების გამო ახლომდებარე საცხოვრებელ არეალში წარმოქმნილი ტექნოგენური საფრთხეების პრევენციას ითვალისწინებს.
კერძოდ, საკანონმდებლოს წინადადების თანახმად, თბილისის მეტროპოლიტენი საკუთრებაში უნდა გადაეცეს საქართველოს მთავრობას. ხოლო თავად მეტროპოლიტენს, არსებული კარსტული მოვლენების გამო დაუწესდეს ორმხრივად 100 მეტრი სიგანის დამცავი ზონა (ჯამში 200 მეტრი) მოსკოვის მეტროპოლიტენის ანალოგიურად. საკანონმდებლო წინადადება, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საკითხი ნამდვილად ყურადსაღებია და შესწავლას საჭიროებს. ამიტომ კომიტეტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პრობლემას და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელებს. კომიტეტმა ამ შეთავაზებას მხარი დაუჭირა.